logo
ENG



პირველი მოთხოვნა ბანკში მომლაპარაკებლის მისვლა იყო - ყოფილი მძევალი სპეცოპერაციას იხსენებს 

24 ოქტ 202020:55
3 წუთის საკითხავი
 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ლაშა შენგელიას დაკითხვა დასრულდა. 

ლაშა შენგელია ერთ-ერთია იმ 4 მძევლიდან, რომელიც 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა შენობიდან თან წაიყვანა. დღეს, 24 ოქტომბერს მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. 

შაბათის ფორმულასთან შენგელიამ თქვა, რომ თავდამსხმელის პირველი მოთხოვნა ბანკში იმ პირის შესვლა იყო, რომელიც მასთან მოლაპარაკებას დაიწყებდა.

შენგელიას თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, აავთო გალდავა, რომელმაც თავდამსხმელს თანხა გადასცა, 112-ში დარეკვის შემდეგ ჩნდება: 

"მისი მოთხოვნა იყო პირველი, რომ ვინმე შემოსულიყო, ისეთი, ვისთანაც დაიწყებდა მოლაპარაკებას.

112-ში დავრეკეთ - იმის მერე ჩნდება ბატონი ავთო. ბატონი ავთო ეუბნება, რომ გზაში ვარ, მოვდივარ, მე თვითონ ამოვალ, დაგელაპარაკები, რა მოთხოვნაც გაქვთ ყველაფერს შეგისრულებ",-ამბობს შენგელია.

რაც შეეხება Facebook-ზე გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს როგორ გადასცემს ავთო გალდავა თავდამსხმელს თანხას, ლაშა შენგელია ამბობს, რომ არ იცის, ეს ვინ გადაიღო. შენგელიას თქმით, თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, არ იცოდა, რომ ვიდეოს იღებდნენ, ვინაიდან, "რომ სცოდნოდა, უარს ეტყოდა". 

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა, გამოსასყიდის სახით კი 500 000 დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათში მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად შენობიდან გავიდა და ტერიტორიიდან პოლიციის მანქანით წავიდა. გალდავამ ერთ-ერთი მძევალი ჩაანაცვლა და თავდამსხმელს გაყვა.

მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა, ფული წაიღო და მიიმალა.

უცნობია მისი ვინაობა, ასევე უცნობია, დატოვა თუ არა მან საქართველოს ტერიტორია. შსს აცხადებს, რომ მისი ძებნა აქტიურად მიმდინარეობს.


close დახურვა